საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ არის რუსეთთან სახლობანას და ომობანას თამაში, რითაც დაკავებული იყვნენ ის ადამიანები ვინც გვაკრიტიკებენ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
"ჩვენს ლოიალურ მოქალაქეებს, ადამიანებს ვინც საკუთარი ქვეყნის ბედით არიან შეწუხებულნი, მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები იყოს მინიმალიზირებული ან საერთოდ გაქრეს. თუმცა, დღევანდელი მსოფლიო არის იმის დასტური, რომ ამას ერთი სახელმწიფო, როგორი ძლიერი, როგორი ხმამაღალი და ამბიციური განცხადებების მკეთებელიც არ უნდა იყოს, ამას ვერ მოახერხებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ვიყოთ ქმედითად აქტიურნი იმ ნარატივში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში შეიქმნა, ვიყოთ თანამონაწილე იმ პროცესების, რომლებიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ერთი მხრივ, შევაჩეროთ რუსული აგრესია, მეორე მხრივ, ვაიძულოთ ისინი ოკუპაციამდელ ტერიტორიაზე, ანუ საკუთარი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა და არა სახლობანას და ომობანას თამაში, რითაც დაკავებული იყვნენ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას იმასაც აბრალებენ, რომ სინამდვილეში ნატო-ში კი არა რუსეთში უნდათ.
"ესეთ ხალხს არც სურვილი მაქვს რამე ვუპასუხო და არც არის ჩემი ამოცანა იმ ადამიანებს ვისაც თვალები დახუჭული აქვთ, ყურები დაყრუებული აქვთ და არც უნდათ რაიმე გაიგონ, რაიმე ავუხსნა. ჩვენი ამოცანა არის ველაპარაკოთ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ელოდება გადაწყვეტილებებს, ვითარების ნორმალიზაციას და შედეგებს", - აღნიშნა მინისტრმა.