არასამთავრობო სექტორი სასჯელაღსრულების ახალ მინისტრ კახა კახიშვილს ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას სთხოვს.
შესაბამისი წინადადებებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კახა კახიშვილს დღევანდელ შეხვედრაზე მიმართავენ, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში იმართება.
"პირველ რიგში დავაყენებთ საკითხს, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას. ეს არის ყველაზე არსებთი და მნიშვნელოვანი საკითხი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რათა პატიმართა უფლებების დაცულობა შემოწმდეს უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. ამას ვითხოვთ, უკვე მრავალი წელია. 2011 წელს პრეზიდენტსაც კი მივმართეთ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ არანაირი ქმედითი ღონისძიებები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ვფიქრობ, სამინისტროა ის უწყება, რომელსაც შეუძლია ამ მხრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეხმაროს და შეასრულოს მისი ვალდებულება. მეტიც, ასოცირების დღის წესრიგში პირდაპირ წერია, რომ პენიტენციურ სისტემაში, დახურულ დაწესებულებებში საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმმები უნდა გაძლიერდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ციხის საერთაშორისო რეფორმის" ხელმძღვანელმა, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, მინისტრთან შეხვედრაზე დაინტერესდებიან იმითაც, თუ როგორ გეგმავს სამინისტრო, გაუმკლავდეს ციხის მენეჯმენტის პრობლემებს, რა გეგმები აქვს მას დირექტორებთან დაკავშირებით, როგორი სტრატეგია ექნება რომ მოიზიდოს კვალიფიცუიური კადრები, რომლებიც მომავალში იქნებიან ციხეების დირექტორები და თუ აპირებს ამ კუთხით საკადრო ცვილებებს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, რა გეგმები აქვს სამინისტროს რესოციალიზაციის პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზული გამოწვევაა სასჯელაღსრულების სისტემაში იმის გათვალისწინებით, რო ამ მხრივ არ არსებობს კონკრეტული მიდგომები და დანეგილი სისტემები", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა