"ირაკლი ფირცხალავა თავდაუზოგავად ებრძოდა კრიმინალებს, ახლა კი კრიმინალების გარემოცვაშია"

პატიმრობაში მყოფი კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას განცხადებით, ფირცხალავას გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანა უპრეცედენტო შემთხვევაა.

როგორც ნინო ხვიტიამ "პირWელს" განუცხადა, შემთხვევა უპრეცედენტო იმ მიზეზითაა, რომ ირაკლი ფირცხალავა კრიმინალს ებრძოდა ახლა კი "კრიმინალების გარემოცვაში" აღმოჩნდა. 

"უპრეცედენტოა, რადგან ასეთი კატეგორიის პოლიციელი, რომელიც დაუფარავად და თავდაუზოგავად ებრძოდა კრიმინალს, აღმოჩნდა ამ კრიმინალების გარემოცვაში. კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ამ ციხეში ყოფნა, ყოვლად ამორალური საქციელია და ფირცხალავაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ემსახურება. დღეს, როდესაც გამოიყვანეს საკნიდან ადვოკატთან შესახვედრად, გზაზე უამრავი პროცესები დაიწყო, დაკავებულები გისოსებს აწყდებოდნენ, იყო შეძახილები, ყვირილი, გინება, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ჯერ მხოლოდ პატიმრების ნაწილმა გაიგო, რომ ჩემი ქმარი იქ გადაიყვანეს. თითოეულ მის საკნიდან გამოსვლას, მსგავსი რეაქციები მოყვება, რომელიც შესაძლოა, ჩემმა ქმარმა უპასუხოდ არ დატოვოს, ამ ყველაფერს კი ციხეში უმართავი პროცესები მოჰყვება. ვისთვის არის ეს სასარგებლო და რა მიზანს ემსახურება, ვერ ვხვდები", - განაცხადა ნინო ხვიტიამ.

ფირცხალავას მეუღლემ, ასევე, აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიაწვდის.

"ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებს გავაკეთებთ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, აქციებსაც მოვაწყობთ. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. რაც შეხება სახალხო დამცველს, მას ფორმალურად მივმართავთ, რადგან სიმართლე რომ გითხრათ, კონკრეტულად უჩა ნანუაშვილის იმედი მე არ მაქვს და მისგან, ჩემი მეუღლის მისამართით, ყოველთვის საწინააღმდეგო ქმედებები იყო",- აღნიშნა ფირცხალავას მეუღლემ.

ნინო ხვიტიას განმარტებით, ე.წ მატროსოვის ციხეში ყოფნის პროცესში ირაკლი ფირცხალავასთან საქმის მასალების შეტანის პრობლემა არ იყო, თუმცა, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ფირცხალავას ამის შესაძლებლობა აღარ ექნება.