პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნები მოამზადა.
როგორც აბაშიშვილი აცხადებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ისე ადგილობრივი არასამთავრობოებისგან, მათ მიიღეს რეკომენდაციები, რომელსაც ადმინისტრაცია ამზადებს და რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს.
ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით, თავად გააკეთებს განცხადებას. მე პრეზიდენტის დავალებით, ვაწარმოებდი პროცესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები, ერთის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს გავაცანით და მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, დღეს გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა პარლამენტს წარედგინოს, ვეტოს შემთხვევაში სრულად ასახავს ევროპულ პრაქტიკას“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა, პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება და კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კანონპროექტზეც მუშაობს.