„ამ ეტაპზე, სრულად ვართ მონდომებული, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარვუდგინოთ“

„ამ ეტაპზე, სრულად ვართ მონდომებული, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარვუდგინოთ“

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები კონსტიტუციასთან თანხმობაში არ არის.

როგორც აბაშიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აღნიშნულ თემაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აუდიენციისას, არასამთავრობოების წარმომადგენელთა მხრიდან, კანონპროექტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე იყო საუბარი.

„სარჩელთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოვისმინე. ბუნებრივია, კითხვები რჩება კონსტიტუციასთან დაკავშირებით არსებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში. ამ ეტაპისთვის სრულად ვართ მონდომებულები, რომ ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც მომზადდა კანონპროექტის სახით, პარლამენტში წარვადგინოთ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, აბაშიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ყოველთვის მხარს უჭერს ინსტიტუტების გაძლიერებას.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვთვლით, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.