დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ივანე მახარაშვილისთვის ქონების დაბრუნებაზე ისაუბრა

დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ივანე მახარაშვილისთვის ქონების დაბრუნებაზე ისაუბრა

მოქალაქე ივანე მახარაშვილს 2010 წელს იძულებით დათმობილი ქონება დაუბრუნდება, - ამასთან დაკავშირებით დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადებები გაკეთდა.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამართლიანობის აღდგენის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და თბილისის მერია ამ ნაწილში აქტიურად არის ჩართული. მან ვიცე მერ, დიმიტრი ქუმსიშვილს ამ მიმართულებით მიმდინარე ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება თხოვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ივანე მახარაშვილის საქმეზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს მომართვა ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მოქალაქე ივანე მახარაშვილისთვის 2010 წელს იძულებით დათმობილი 1020 კვ.მეტრის სახელმწიფოზე დაბრუნების თაობაზე, რათა შემდგომ სახელმწიფომ ბატონ ივანე მახარაშვილს აღნიშნული ქონება დაუბრუნოს. აქვე მინდა მოგახსენოთ, როდესაც ბატონ ივანე მახარაშვილს დაათმობინეს ეს ქონება, მისი შვილი დაჭერილი იყო ციხეში. შესაბამისად, იმ დროინდელი პროკურორის პირველი მოადგილის განკარგულებით მოხდა აღნიშნული დათმობა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერია აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და, რა თქმა უნდა, მომართვა, რომელიც იქნება განხორციელებული გენერალური პროკურატურიდან და ეკონიმიკის სამინისტროდან მყისიერად იქნება ჩვენი მხრიდან აღსრულებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რის შემდეგაც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ამ და მსგავსი საკითხების ბოლომდე გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ისევე როგორც ამ საკითხს, სხვა ყველა მსგავს საკითხსაც უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რაც თავის დროზე იძულების წესით დაათმობინეს, იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად ყველა ის საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე და მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.