ლაშა მახრაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი დავით მოდებაძე იმედოვნებს, რომ დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოხდება.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გუშინდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს.
"ჩვენ გუშინ მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება. 9-თვიანი ვადის გასვლის გამო, გიორგი ოქროპირიძე გათავისუფლებულია პატიმრობიდან იმ დანაშაულზე, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. პროკურატურამ გამოიგონა ახალი ბრალდება, წაუყენა ცრუ დასმენის ბრალი. ჩვენ გუშინ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ არ არსებობს გარემოებები, რომლებიც პატიმრობისთვის არის აუცილებელი და გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს ოქროპირიძე უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, ოქროპირიძეს ერთსა და იმავე ფაქტებზე წაუყენეს ცრუ დასმენის ბრალდება, შემდეეგ მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ცრუ დასმენა და ამის შემდეგ წაუყენეს ცრუ ჩვენების ბრალდება. ადვოკატი იმედოვნებს, რომ დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოხდება.
ამასთან, როგორც გიორგი ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა განაცხადა, დღეს მისი შვილი სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მისივე განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა არ იძალადეს სასამართლოზე და თუ საქართველოს მთავრობა, რომელიც პატიმრების წამებით არის მოსული, სასამართლოზე არ მოახდენს ზემოქმედებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე უნდა გათავისუფლდეს.
"სახელმწიფო და პროკურატურა ცუდ მეთოდებს მიმართავენ. თუმცა მე მჯერა რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება", - განაცხადა გიორგი ოქროპირიძის დედამ.
ამასთან როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.