ყვარელში, მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხანძრის ლოკალიზებას ყვარლის, თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს სახანძრო სამაშველო სამსახურის ათი ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სამაშველო სამსახურიც.
ხანძარი თავდაპირველად ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა ცეცხლის ტყეზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მერაბ ბუჯიაშვილის განცხადებით, მაშველებმა დილისთვის ხანძრის ყველა კერის ლიკვიდირება შეძლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე ხანძარი ფოიერვერკმა გამოიწვია. ხანძრის შედეგად, მეღვინეობის ტურისტული ინფრასტრუქტურა არ განადგურებულა.