ღვინის კომპანიების მსგავსად ყურძნის ჩაბარების პრობლემას ხელისუფლებაც ელოდება

ღვინის კომპანიების მსგავსად ყურძნის ჩაბარების პრობლემას ხელისუფლებაც ელოდება

სახელმწიფო წელს თეთრი ყურძნის სუბსიდირებას მოახდენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ პირველი ყურძნის კრეფა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. გიორგი სამანიშვილის თქმით, ექსპორტის კლებიდან გამომდინარე წელს სავარაუდოდ ყურძნის ჩაბარება გაჭირდება, მაგრამ სახელმწიფო ჩაერთვება სუბსიდიის პროგრამით. სამანიშვილის თქმით, მიზანი არის, რომ ყურძენი არ გაფუჭდეს, ამიტომ თეთრ ყურძენზე “ალბათ ცალსახად იქნება სუბსიდია.” 

წითელ ყურძენთან დაკავშირებით კი მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება სუბსიდიის მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს საკითხი  უახლოეს მომავალში დაზუსტდება. მისივე მტკიცებით, ფასის დადგენაში სახელმწიფო არ ჩაერევა, თუმცა შეეცდება, არცერთი მხარე არ დაიჩაგროს.

2014 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით 1 კილოგრამ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე სუბსიდია 35 თეთრს, საფერავზე კი 15 თეთრს შეადგენდა.

2014 წლის სექტემბერში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მომავალი წლის რთველთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებდა: 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სუბსიდირება მინიმუმ საფერავთან მიმართებაში ნამდვილად აღარ გვჭირდება. უნდა დავაკვირდეთ რთველის მიმდინარეობას, შემდეგ ჩამოვყალიბდებით, როგორ მოვიქცეთ. სუბსიდირების თანხას მინიმუმ შევამცირებთ, მაგრამ, ამ გადაწყვეტილებას სტატისტიკიდან გამომდინარე მივიღებთ.

 სუბსიდირება ემსახურება დარგის სტაბილიზაციას, ამიტომ ჩვენ გვინდა იმ დოზის ინექცია გავაკეთოთ, რომ მან დამოუკიდებლად არსებობა შეძლოს. თუ რაღაც რისკები დავინახეთ, ჩვენ ამას სუბსიდირებით დავაზღვევთ.”

რთველთან დაკავშირებული  სირთულეების შესახებ რამდენიმე დღის წინ „კომერსანტთან" ღვინის კომპანიებმაც განაცხადეს. მათი თქმით, წლევანდელი რთველი გლეხისთვის ძალიან რთული იქნება, რადგან ექსპორტი შემცირდა და ამასთან, კომპანიებს არარეალიზებული მარაგები აქვთ.