ნანი: „თბილისში კი არა, სხვა ქალაქში ვცხოვრობ!...ამ ხალხს ძალიან არ უყვარს ქალაქი...“

ნანი: „თბილისში კი არა, სხვა ქალაქში ვცხოვრობ!...ამ ხალხს ძალიან არ უყვარს ქალაქი...“

მომღერალი ნანი ბრეგვაძე ქალაქში მიმდინარე მშენებლობების ფორმას აპროტესტებს. ლეგენდარული მომღერალი ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ იმ ადამიანებს ვისაც მშენებლობა ეხება ,,ძალიან არ უყვარს ქალაქი, მხოლოდ ფული უნდათ“.

,, ძალიან დიდ განცდებში ვარ და ძალიან გაბრაზებული! ვგიჟდები პირდაპირ! ახლაც რომ გესაუბრებით, სულ ჟრუანტელი მივლის. არანორმალურად შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე! ჩემი ქალაქი მიყ­ვარს უზომოდ! თუმცა, ბოლო დროს მგონია, ჩემს თბილისში კი არა, სხვა ქალაქში­ ვცხოვრობ! როცა ახალ მშენებლობებს ვხედავ, ცუდად ვხდები. თითქოს ხომ აშენებ­ენ, მაგრამ ეს ქალაქის დანგრევაა. ისედაც პატარა ადგილი უჭირავს, და ამ ქალაქის მთებზე რომ წამომიყუდებ ამხელა სახლებს,­ როგორ შეიძლება, გული არ გამისკდეს?! აბაშიძის ქუჩაზე ისეთი სახლები შენდება, შეიძლება თავი მოიკლა ადამიანმა! მე მთაწმინდაზე დავიბადე და ცოტა ხნის წინ ეკას ვუთხარი, ძალიან მენატრება, დედიკო, იქაურობა, ამიყვანე კოტე მესხის ქუჩაზე, გეხვე­წები-თქო... მინდოდა ის ძველი­ თბილისი­ მენახა, ძველი შენობებით... ამიყვანა ეკამ და ახლაც გულამოსკვნილს მეტირება, რადგან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა ვიამაყო მისით. ბავშვობიდან თბილისი კარგად­ მახსოვს: პატარა ქალაქი ერთი ოჯახივით იყო, ცოტა მანქანა დადიოდა. რა თქმა უნდა, ცხოვრების ტემპს უნდა აჰყვე, დროს მოაქვს სიახლეები და ახლის მიღება­ თავის დროზე პარიზშიც გაუჭირდათ - ეიფელის კოშკი რომ დადგეს, ჭკუიდან გადადგა ხალხი, თუმცა, ახლა სიმბოლოა ქალაქის, მაგრამ თბილისში რაღაც საშინელება შენდება. მაპატიონ მათ, ვისაც მშენ­ებლობა ეხება, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: ამ ხალხს ძალიან არ უყვარს ქალაქი, მხოლოდ ფული უნდათ! ვინმე თუ იტყვის ჩემზე, რა მკაცრად გამოდისო, ვეტყვი, რომ მე ჩემი ქალაქის სიყვარული მალაპარაკებს! ჩემი სამშობლო, ჩემი ქალაქი და ჩემი ოჯახი - ეს სამი რამ მასულდგმულებს!“- აცხადებს ნანი ბრეგვაძე ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

წყარო: ,,კვირის პალიტრა“