საჯარო სამსახურში ე.წ. მხილების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს ექნება

საჯარო სამსახურში ე.წ. მხილების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს ექნება

იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც საჯარო სამსახურში მხილება შეუძლია. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს მხილება, კანონით დადგენილი წესით. ასევე მამხილებელს უფლებამოსილება ენიჭება, თავად აირჩიოს მხილების ტექნიკური საშუალება. პროექტით, სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით მხილება, როგორც ალტერნატიული ტექნიკური საშუალება.

ცნობისთვის, კანონის თანახმად, მხილება არის მამხილებლის მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შესახებ, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს, ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ერთ-ერთია იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმირებას ისახავს მიზნად.    პარლამენტში განსახილველად წარდგენილი "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტი, ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.