"ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონი საერთაშორისო სტანდარტებისაა"

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანონი, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, პარლამენტმა მიიღო, საერთაშორისო სტანდარტების არის.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კანონში რაიმე ხარვეზი არსებობს, მთავრობამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული ინსტიტუტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იყოს.

"კანონი, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მივიღეთ, საერთაშორისო სტანდარტების არის. მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. დღეს ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ, რომ თუ ადმინისტრაციული კუთხით რაიმე ხარვეზი არსებობს, მაქსიმალურად გავაკეთოთ ისე, რომ ეს ინსტიტუტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იყოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას მხარი დაუჭირა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე ახალ კანონპროექტზე მუაობს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.