„შეწყალების კომისიასთან და პრეზიდენტთან სწორედ აკაკი ბობოხიძის ურთიერთობებმა გადაწყვიტეს შეწყალების საკითხი“

„შეწყალების კომისიასთან და პრეზიდენტთან სწორედ აკაკი ბობოხიძის ურთიერთობებმა გადაწყვიტეს შეწყალების საკითხი“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ, შეწყალების შესახებ მოქმედი წესები უხეშად დარღვია, როდესაც ლევან ბობოხიძე და მსათან ერთად გასამართლებული ყოფილი მაღალჩონოსნები შეიწყალა.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“-ს ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, შეწყალების კომისიამ 2015 წლის 23 ივლისს შეწყალებულ მსჯავრდებულ ყოფილ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღო, რითაც პრეზიდნეტის 2014 წლის 27 მარტის #120 ბრძანებულებით მიღებული შეწყალების ახალი წესი დაარღვია.

„პრეზიდენტის ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია არა უმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი. პრეზიდენტის ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, შეწყალება ასევე არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. სწორედ ამ რეგულაციების ფონზე, დასაბუთებას მოკლებულია შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები. ორგანიზაციას კითხვები სწორედ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის მოქმედებებთან გააჩნია - რატომ დაარღვია კომისიის თავმჯდომარემ კანონი, რას ემსახურება მისი ხელმძღვანელობის პერიოდში პოლიტიკური ლოიალობით გამორჩეული შეწყალებები, რამდენად სარწმუნოა პატიმართა ოჯახების კითხვებიც, რომელიც შეწყალების კომისიის შესაძლო მატერიალურ დაინტერესებას ეხება?“ -  განაცხადა კაიკაციშვილმა.

კაიკაციშვილი პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას მიმართავს, პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ რა დამსახურებებისა თუ მონანიების გამო მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის ზურაბ ჯიბუხაიას, გამგებლის ყოფილი მოადგილის ბესარიონ ჭელიძისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრის, ლევან ბობოხიძის გათავისუფლება.

„ლევან ბობოხიძეს მისჯილი ჰქონდა 3 წელი და 6 თვე და მოხდილი ჰქონდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით. ასევე, ლევან ბობოხიძის საქმე 2015 წლის 19 მაისს გასაჩივრდა საკასაციო წესით და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარდა ამისა, შეწყალების კომსიამ და პრეზიდენტმა შეწყალების მარეგულირებელი ნორმების ის მუხლიც დაარღვიეს, როდესაც დადგენილია, რომ შეწყალების გამოყენების დროს, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს. ლევან ბობოხიძემ არათუ მოინანია, არამედ არც კი უღიარებია ჩადენილი დანაშაული და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებული არ არის მიყენებული ზარალიც. სამწუხაროდ, შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აღნიშნულ არგუმენტებზე სდუმს. როგორც შეწყალების კომისიამ, ასევე პრეზიდენტმა ზემოაღნიშნულ პირთა შეწყალება 2014 წლის 27 მარტის #120 ბრძანებულების დარღვევით და ე.წ. „თეთრსაყელოიანთა დანაშაულის“ სასარგებლოდ მიიღეს“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.

არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება მიიღო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები დააკმაყოფილა.

„ზურაბ ჯიბუხაია, ბესარიონ ჭელიძე და ლევან ბობოხიძე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით საქმიანობდნენ, რომელთაც ბრალი, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით წარედგინათ. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, 2010 წელს, ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ფიზიკურ პირს. შედეგად დადგინდა, რომ გაიფლანგა 28 884.45 ლარის ღირებულების 213,662 მ3 სამასალე და საშეშე მერქანი. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირები, პასუხისგებაში 2014 წელს მიეცნენ. როგორც ცნობილია, ლევან ბობოხიძე საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი ბობოხიძის ძმაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეწყალების კომისიასთან და პრეზიდენტთან სწორედ აკაკი ბობოხიძის ურთიერთობებმა გადაწყვიტეს ოჯახის წევრის და პარტიული ხელმძღვანელების შეწყალების საკითხიც“, - განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატები“-ს ხელმძრვანელმა "პირველ პრესკლუბში".

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილებით, შეწყალების ინსტიტუტსა და მის მიერვე მიღებული ბრძანებულების შესრულებას სრული დისკრედიტაცია გაუკეთა.

„პრეზიდნეტის მხრიდან ეს არ არის პირველი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი ხდება. როგორც ცნობილია, 2013 წლის 25 დეკემბერს, პრეზიდენტმა მეუღლის ძმა მიხეილ მგალობლიშვილიც შეიწყალა, რომლის მიმართაც არ არსებობდა დადებითი დახასიათება. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის მხრიდან მსჯავრდებულთა შეწყალების პერიოდულობას, მაგრამ იმავდროულად მიუღებლად მიგვაჩნია, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამო, მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა გათავისუფლება. ამ მიმართულებით, დაუშვებელია არსებობდეს შერჩევითი მართლმსაჯულების დამკვიდრების სტანდარტი, იგნონირებული იქნეს, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების ინტერესები, ასეთი მაგალითებით არსებობდეს პრეტენზია სამართლიანობის აღდგენის პროცესზე. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა შეწყალების მაღალი უფლებამოსილება არ გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის, მათ შორის პოლიტიკური ძალთა წონასწორობისთვის, არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების პოლიტიკურ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა. გაუგებარია, რატომ ხდება ე.წ. „თეთრსაყელოიანთა დანაშაულის“ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.