დავით საყვარელიძე:   რეფორმირების პროცესი საქართველოში უფრო მარტივი იყო, ვიდრე უკრაინაშია

დავით საყვარელიძე: რეფორმირების პროცესი საქართველოში უფრო მარტივი იყო, ვიდრე უკრაინაშია

ჩემი მიზანია, დავამტკიცო, რომ უკრაინა უკვე არის სხვა ქვეყანა, რომ აქ უფრო კარგად გამოდის, ვიდრე - საქართველოში, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მასალაშია ნათქვამი, საყვარელიძემ, რომელიც უკრაინის პროკურატურის რეფორმირებასა და კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, აღნიშნა, რომ რეფორმირების პროცესი საქართველოში უფრო მარტივი იყო, ვიდრე უკრაინაშია.

"უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი უფრო მეტად ფრაგმენტული და კომპლექსურია, ვიდრე საქართველოში იყო. საქართველოში პარლამენტი უფრო მყარი და ეფექტური იყო, ვიდრე უკრაინაშია. ამიტომაც იქ უფრო იოლი იყო, მთავარი საკითხებისთვის ბიძგი მიგვეცა. მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის, პოლიციის მუშაობა სინქრონული იყო და რეფორმებიც ავტომატურად ხორციელდებოდა. პროკურატურის, ასევე პარალელურ რეჟიმში მოხდა საგადასახადო და საბაჟო სისტემის, სასამართლოების რეფორმირება და შედეგები დაუყოვნებლივ შესამჩნევი გახდა. ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა შემოსავლები ბიუჯეტში იმის გამო, რომ ფისკალური სამსახურის რეფორმირება მოხდა", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, პროკურორების ანაზღაურება ადეკვატური უნდა იყოს. "ადგილობრივი პროკურორებისთვის სულ მცირე 2000-2500 დოლარი უნდა იყოს ხელფასი, რათა შესაძლებელი იყოს იმ ხარისხის მუშაობა მოვთხოვოთ, როგორიც უკრაინას დღეს სჭირდება", - აღნიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ. მისივე განცხადებით, მისი ხელფასი ახლა 6 000 გრინვას შეადგენს.

"ბოლო რამდენიმე თვეა საყვარელიძის გვარი აქტიურად ჩნდება მედიაში. ივლისის დასაწყისში, მისი დავალებით გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნები დააკავეს, მათ შორის - დიდი რაოდენობით ქრთამის აღების დროს საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი მაოდგილე და კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე. დაკავებამ გამოიწვია არამხოლოდ მედიის რეზონანსი, არამედ გენერალური პროკურორის სხვა მოადგილეების გაღიზიანებაც",-აღნიშნულია მასალაში.

ამასთნ, როგორც საყვარელიძე უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, დაკავების შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იცოდა. "მან მითხრა: "დავით, მე არ გკითხავ, ვინ იღებს ქრთამს და ვინ არის პასუხისმგებელი". მე მას ვუთხარი, რომ იყო ერთი საინტერესო საქმე, ვიქტორ შოკინი კი მაშინ ქვეყანაში ფიზიკურად არ იმყოფებოდა და მასთან ამ თემაზე ტელეფონით საუბარი არ მინდოდა. პოროშენკომ კი მითხრა, მიდი იმუშავეო", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ. მისივე თქმით, მაღალჩინოსნების დაკავების პროცესი კანონის ფარგლებში ჩატარდა.