მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური გუნდის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი, მომხმარებელს დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა სააქციო საზოგადოება "თელასმაც".