თუკი პრეზიდენტი

თუკი პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას დაძლევს

იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას აუცილებლად დაძლევს , - ამის შესახებ განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის შენიშვნები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით დოკუმენტის სახით პარლამენტში ჯერ არ შემოსულა.

"დოკუმენტი ჯერ არ გვინახავს. პრეზიდენტს ამისთვის ათდღიანი ვადა აქვს. მას შეუძლია დღესაც წარმოადგინოს მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის შემოთავაზება ჯერ უნდა ვნახოთ ქაღალდზე დაწერილი და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ მასზე. რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, რომელზეც იმსჯელა პარლამენტმა და მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციას და დავძლევთ ვეტოს", - განაცხადა მეჭიაურმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების ხელმოწერას არ აპირებს და ვეტოს დადებისთვის ემზადება.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებზე მუშაობს. მისი თქმით, შემუშავებულია კანონპროექტის სამუშაო ვერსია. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში რჩება.

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსია ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.