გაკეთდება ყველაფერი, რომ ემოციურმა აფეთქებებმა ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი არ შეუშალოს

გაკეთდება ყველაფერი, რომ ემოციურმა აფეთქებებმა ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი არ შეუშალოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია საქართველო-რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ჯანსაღად წარიმართოს.

ეს განცხადება კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ოკუპირბულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. კარასინის განცხადებით, მსგავსი თემები ისეთ ჩარჩოებში უნდა განიხილონ, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი.

„ემოციურ კამპანიას თბილისში ის ადამიანები აწარმოებენ, რომლებიც ნებისმიერი სირთულით სპეკულირებენ ქართულ-ოსურ ან ქართულ-აფხაზურ საზღვარზე. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით შემდეგ პოზიციაზე - ამ პრობლემების განხილვა იმ მექანიზმების ფარგლებში უნდა მოხდეს, რომლებიც ასეთი ტიპის საკითხების გადასაწყვეტად შეიქმნა. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მოქმედებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმი. სწორედ დეტალურად განიხილავენ ამ ინციდენტს უახლოეს დღეებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ემოციური აფეთქება არ მოქმედებდეს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე“, - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინსა და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.