NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სიუჟეტს ამზადებს

NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სიუჟეტს ამზადებს

NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი ჯეფ ჰოლდენი, სოფელ სკრაში, ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტის, "საქართველო IV"-ის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯეფმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი უკვე დაათვალიერა. რამდენიმე დღე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გაატარა. ამერიკელი რეპორტიორი წუხს, რომ ავღანეთში ყოფნისას, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ქართველ სამხედროებზე რეპორტაჟის მომზადება ვერ მოახერხა. თუმცა აქვე ამბობს, რომ NATOCHANNEL.TV ავღანეთში საკმაოდ ხშირად აშუქებს ქართველი მეომრების საქმიანობას. ეს სატელევიზიო რეპორტაჟები NATOCHANNEL.TV-ის ოფიციალურ საიტზეა ატვირთული.

სამხედრო პოლიგონიდან ჯეფ ჰოლდენმა დღეს გორის რაიონში გადაინაცვლა და სოფელ სკრაში ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტის მიმდინარეობა გადაიღო. სოფელ სკრაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსებმა შეიარაღების საცავი ააფეთქეს. აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საბრძოლო მასალით დააბინძურა. ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NშPA) პროექტის ფარგლებში კი აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა გასული წლიდან ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგები უტარდება და აღჭურვილობასაც აწვდიან.

ჯეფ ჰოლდენს სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J5-სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი, საინჟინრო ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე, ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის მენეჯერი დევიდ თოუნდროუ და სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა"- ს წარმომადგენლები დახვდნენ. სწორედ, ისინი იქნებიან ამერიკელი ჟურნალისტის რეპორტაჟის მთავარი გმირები, რომელიც ნატო-ს არხისთვის მზადდება.