"ამბობენ და მოუსვამენ ხოლმე აქედან უმცირესობის წევრები"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციას პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, მისი მხრიდან აღნიშნულ რეზოლუციას მხარდჭერა არ ექნება, სანამ უმცირესობის წევრები შედეგებზე ორიენტირებულები არ იქნებიან.

"პირდაპირ მინდა ვუთხრა მათ, მაგრამ გავიხედავ და აღარავინ არ არის. ამბობენ და მოუსვავენ ხოლმე აქედან ჩვენი უმცირესობის წევრები. მაინც მინდა გიორგი ვაშაძეს ვუთხრა, რა გააკეთა საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საგარეო ურთიერთობების კუთხით. საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკამ აგვაცილა ომს, ხოლო წინა ხელისუფლებამ საბედისწერო 2008 წელი მოიტანა. ეს პასუხისმგებლობა და ცოდვა ბუნებრივია თქვენ გაგყვებათ, ამიტომ რიტორიკა შესაბამისი უნდა იყოს. ამბობთ აგრესიაზე, თუმცა რა აგრესიაზე შეიძლება იყოს საუბარი? ამბობთ ღირსებაზე, რომელ ღირსებას გულისხმობთ, რომელიც წითელ ხიდთან მთავრდება?! თქვენ თვითონ გაერკვიეთ რაზე საუბრობთ. რაც შეეხება რეზოლუციას, ამის წინააღმდეგი რა თქმა უნდა არავინაა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ შე ასეთო, შე ისეთოთი შემოიფარგლება, არ იქნება ჩემს მიერ მხარდაჭერილი. მხოლოდ საქმიანი და შედეგზე ორიენტირებულ რეზოლუციას დავუჭერთ მხარს. მინდა ოპონენტებს შევთავაზო, რომ შეცვალონ ამ საკითხებთან დაკავშირებით ტონალობაც და რიტორიკაც. მათი მხრიდან ჭკუის დარიგება, რბილად რომ ვთქვა, სირცხვილია", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.