ვითარება ისე არ უნდა წარმოვაჩინოთ, თითქოს 2008 წლის შემდეგ რუსეთი ვერ ბედავდა რაღაცებს, ახლა კი ბედავს

ვითარება ისე არ უნდა წარმოვაჩინოთ, თითქოს 2008 წლის შემდეგ რუსეთი ვერ ბედავდა რაღაცებს, ახლა კი ბედავს

ვითარება არ უნდა წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს 2008 წლის მერე რუსეთი ვერ ბედავდა რაღაცებს, ახლა კი ბედავს. ეს ასე არაა , - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლებს უპასუხა. ბერძენიშვილი არ ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მოსაზრებებს, რომ მოსკოვის ქმედებების საწინააღმდეგოდ "ქართული დიპლომატია არაფერს აკეთებს და მიჩუმათების პოზიციაში იმყოფება".

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ორმა ქვეყანამ გაიწვია უკან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილება. საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ მოახერხა რუსეთთან ძალიან მძიმე ურთიერთობის პირობებში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და ევროპული ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ძალიან მძიმე ურთიერთობების პირობებში მოახერხა ის, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ინტეგრაციის გზაზე დგას. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოახერხა ის, რომ ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში, ძალიან რთული და მასშტაბური პროვოკაციების პირობებშიც კი, არ გვაქვს მსხვერპლი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. ჩვენ ვახერხებთ ვიაროთ ევროპისკენ, ამასთანავე ამას ვახერხებთ უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური, ქმედითი და მყისიერი მხარდაჭერით. როცა პარასკევის მოვლენებზე ორშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ძალიან მკაფიო განცხადებას, ეს არის ქართული დიპლომატიის მუშაობის შედეგი და ელემენტარული ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ქართული დიპლომატია არაფერს აკეთებს, ქართული სახელმწიფო თურმე არ რეაგირებს და თურმე მიჩუმათების პოზიციაშია", - განაცხადა ბერძენიშვილმა.