საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გადასცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, ქართული მხარის ინიციატივით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიუნტერ ბეხლერთან.

"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს აღმართული ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შვეიცარიის მხარეს ასევე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და ეთხოვა მისი რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა. საუბრისას გიუნტერ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.