"ნაციონალური მოძრაობა" საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე რეზოლუციის პროექტს ავრცელებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების სიღრმეში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"1. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის შემდგომ გადმოტანას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში;

2. ვინაიდან 10-11 ივლისს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა ბაქო- სუფსის მილსადენის 1 800 მეტრიანი მონაკვეთი და პოტენციური საფრთხე შეექმნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს;

3. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს 1991 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებას და უკანასკნელ ხანს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებს;

4. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას და რუსეთის ე.წ. "გავლენის სფეროში" მოქცევას;

5. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი: გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას - საოკუპაციო ხაზის მორიგ გადმოწევას. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

1. მოახდინოს ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, მათ შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების გზით;

2. მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა;

3. მიმართოს ყველა ზომას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია;

4. რეგულარულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვაბერკეტები;

5. აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი;

6. გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი და მოახდინოს ყურადღების მთელი კონცენტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატზე, სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობს ევროკავშირი და აშშ;

7. აამუშაოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული;

8. საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით გააქტიუროს საერთაშორისო მედიასთან მუშაობა;

9. გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთიანი დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების და მისი კოორდინირებულად განხორციელების მიზნით", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის პროექტი შესთავზა, რომლის განხილვაც და სესიაზე გატანა დღეს, დღის განმავლობაში მოითხოვა. უმცირესობის შეფასებით, შექმნილი ვითარება სწრაფ რეაგირებას ითხოვს და პარლამენტმა რეზოლუციის მიღება არ უნდა გადადოს.

თავის მხრივ, უმრავლესობის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს არა აქვს უფლება იმისა, მცოცავი ოკუპაციის საკითხზე ერთიანი, შეჯერებული რეზოლუციის მიღება ვერ შესძლოს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციის მიერ ცალმხრივად მომზადებული რეზოლუციის პროექტი კამათსა და არაერთიანი პოზიციის დემონსტრირებას გამოიწვევდა. ამიტომ მათ კოლეგებს შესთავაზეს, დოკუმენტზე მსჯელობა ჯერ პარლამენტის შესაბამისს კომიტეტებსა და კომისიაში გამართულიყო და შემდგომში გასულიყო სესიაზე რეზოლუციის შეჯერებული პროექტი.

საკითხმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის მწავე კამათი გამოიწვია.