"ჩვენ ერთ დღეს აფხაზეთში შევალთ და „ვლაქერნობას" მათთან ერთად ვიზეიმებთ"

ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, „ვლაქერნობის“ დღესასწაულს ესწრება.

პრემიერის აპარატის ინფორმაციით, მეუფემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს დღესასწაულზე დასწრებისთვის და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს, შეიწავლოს აფხაზური ენა.

„თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია,“ – აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს ირაკლი ღარიბაშვილმა დღესასწაული მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე „ვლაქერნობას“ აფხაზებთან ერთად იზეიმებენ.

„ის რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ „ვლაქერნობას“, – განაცხადა პრემიერმა.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.

„ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება,“– მიმართა მეუფემ პრემიერ–მინისტრს და მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.

„ვლაქერნობის“ დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრნენ.