თამაზ ელიზბარაშვილი პროკურატურის გააქტიურებას მის განცხადებებს უკავშირებს

თამაზ ელიზბარაშვილი პროკურატურის გააქტიურებას მის განცხადებებს უკავშირებს

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ბიზნესმენი პროკურატურის გააქტიურებას 13 ივნისის სტიქიის შემდგომ პერიოდში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

როგორც თამაზ ელიზბარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიება 2010 წლის საქმეს ეხება.

"2003 წლის საქმეა, რომელიც 2010 წელს ადეიშვილმა ამოსწია და შემიკერა, რადგან მე ვიყავი სააკაშვილის ოპონენტი. საქმის თანახმად, ვითომ 2003 წელს, მოვისყიდე ექიმ-ფსიქიატრები. ვითომ, 2003 წელს ექსპერტებს გადავუხადე ფული, რომ ჩემი შვილის სასარგებლოდ ყალბი სამედიცინო დასკვნა გაეცათ. 7 წლის შემდეგ, 2010 წელს ამ ბრალდებით ადეიშვილის პროკურატურამ დაგვიჭირა მე, ჩემი ოჯახის წევრები და ექიმ-ფსიქიატრები. ყველა შეგვყარა გლდანის ციხეში, გვაწამეს. ადეიშვილმა საქმე გაყო შუაზე. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საქმე ცალკე გაუშვა სასამართლოში. ექიმ-ექსპერტების საქმე ცალკე გამოყო, მაგრამ სასამართლოში არ გაუშვა", - აღნიშნა თამაზ ელიზბარაშვილმა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, მისი ოჯახის საქმე 2014 წლის 11 თებერვალს დასრულდა და სასამართლომ თავად და მისი ოჯახის წევრები ყველა წაყენებულ მუხლში გაამართლა. ელიზბარაშვილის განმარტებით, რადგან გამართლდა და მოსყიდვას ადგილი არ ჰქონდა, ექიმების საქმე უნდა შეწყვეტილიყო და სასამართლოში არ უნდა წასულიყო.

"მოხდა სტიქია, მე გავაკეთე მწვავე განცხადებები და პროკურორები, რომლებამაც 2010 წელს ადეიშვილის ბრძანებით საქმე შემიკერეს გააქტიურდნენ, ჩამოიღეს თაროდან ექიმ-ექსპერტების საქმე, 6 ივლისს სასამართლოში შეიტანეს და დაიწყეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელახლა დევნა. ექიმ-ფსიქიატრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, მათ აშინებენ", - აღნიშნა თამაზ ელიზბარაშვილმა.

მისივე ცნობით, იგი ხვალ, 13:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვაზეა დაბარებული.

"6 ივლისს თბილისის პროკურატურაში დაბრუნდა ზურაბ ადეიშვილი ან მისი ორეული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სტიქიიდან სამ კვირაში, 6 ივლისს განხორციელებული თბილისის პროკურატურის ქმედება. ადეიშვილის ორეულმა და მისმა ხელის ბიჭმა პროკურორებმა ჩათვალეს, რომ მე, თამაზ ელიზბარაშვილი, რომელმაც თითქმის ყველაფერი დაკარგა - სახლი, ბიზნესი, ძაღლების თავშესაფარი, უახლოესი ადამიანები, - არის განადგურებული, წაქცეულია, გდია ბეჭებზე და ახლა ადვილია ამ კაცის საბოლოოდ განადგურება და მოინდომეს ჩემს სულში ჩაფურთხება. მაგრამ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ როცა ჩემს წინაშე ბარიერები და პრობლემებია, მილიონჯერ უფრო ძლიერი ვარ. ამ ადეიშვილის ხელის ბიჭს, მონა-პროკურორებს მინდა ვუთხრა, მათი მამა-მარჩენალის, ადეიშვილის მატარებელი გაჩერებულია ოდესაში, იჩქარონ, დაეწიონ და გამასწრონ აქედან, რადგან მე აღარ ვაპირებ ამ პროკურორებზე ხელის დაფარებას", - აღნიშნა თამაზ ელიზბარაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან აინტერესებს ვინ დგას პროვოკაციის უკან და "ვინ აუნთო მწვანე შუქი ადეიშვილის ხელის ბიჭ-პროკურორებს".

"ქალაქის პროკურორია მიხეილ შაყულაშვილი, თუ ის პროკურორი, რომელმაც თავის დროზე 2010 წელს, ადეიშვილის ბრძანებით ცრუ ბრალდება შემიკერა, არის დათო კუტალაძე, ვინც გამიშვა ციხეში. დღეს ეს ადამიანი პროკურატურაში დაწინაურებულია, სწორედ ამ ადამიანის მოწადინებით არის 6 ივლისს საქმე სასამართლოში შესული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნის შესახებ", - აღნიშნა თამაზ ელიზბარაშვილმა.