გიორგი ვაშაძე:  რუსეთი უკვე საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას უთხრის ძირს

გიორგი ვაშაძე: რუსეთი უკვე საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას უთხრის ძირს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით მოსამზადებელია რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭო განიხილავს.

როგორც ვაშაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რუსეთი უკვე საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას უთხრის ძირს და საქართველოს გავლით ყველა არტერიის გადაკეტვას ისახავს მიზნად.

დეპუტატის აზრით, ამის საპირისპიროდ საქართველოს მხრიდან აუცილებელია აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმართვა.

"ბოლო წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ გატარებულმა საგარეო პოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. დათმობითმა ხაზმა, უკან გადადგმულმა ნაბიჯება, ვითომ და, - "არ გვინდა ამ პრობლემებზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი", საბოლოო ჯამში მოგვიტანა ის, რომ რუსეთი თავის აგრესიას აგრძელებს. გვახსოვს "ქართული ოცნების" დაპირება, რომ რიტორიკის შეცვლამ შეიძლება საქართველოს რაიმე შედეგი მოუტანოს. ფაქტია, რომ არანაირი შედეგი არა გვაქვს. პირიქით, უპრეცედენტოა, როცა ნავთობსადენიც კი უნდათ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციონ", - განაცხადა ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე.

დეპუტატის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს სჭირდება ერთიანი სტრატეგია და ერთიანი გეგმა, პოლიტიკის საერთაშორისო ასპარეზზე წარმართვის მიმართულებით.