საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე მთავრობის წევრების განცხადებები, ვითარებაზე ღირსეული პასუხი არ არის

საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე მთავრობის წევრების განცხადებები, ვითარებაზე ღირსეული პასუხი არ არის

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხზე საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები "არ არის ვითარებაზე ღირსეული პასუხები".

აღნიშნულთან დაკავშირებით დარჩიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და კოლეგებს ძველი ბერძნული სიბრძნე შეახსენა, რომ უსაფრთხოება ღირსების გარეშე არ არსებობს.

"ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ ღირსების გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს. ეს ორი კავშირშია და ამ ორივეს გარეშე მშვიდობა არ არსებობს. სახელმწიფო ღირსებით იწყება ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ იმაზე, რაც ახლა ხდება ხურვალეთში და რა ემოციებსაც ის იწვევს ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ვამბობდით, რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა არ იყო ადეკვატური, რომ რუსეთთან დაყვავების ენით საუბარი არ არის სწორი, თქვენ გვპასუხობდით, რომ საქართველო უნდა მოიხსნას როგორც განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორის დღის წესრიგიდან და ამით გადაწყდებოდა პრობლემა. მოიხსნა და საქართველო აღარ არის დღის წესრიგში, რადგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი აღარ დგას ისე, როგორც ყირიმის, თუმცა ეს კიდევ უფრო გვაზარალებს და სწორედ ამას მოსდევს ის, რაც მოხდა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, როდესაც უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა მთელი სიმწვავით დადგა და ახლა რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ბაქო-სუფსას ნავთობსადენი გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას. ამ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ სწრაფი, მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ დიპლომატიური საშუალებებით, გავაძლიეროთ ახალი ხელისუფლების პირობებში დასუსტებული ჩვენი სპეცდანაყოფები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, ჩვენ ისევ ღირსებასთან დაცილებულ განცხადებებს ვისმენთ, თითქოს რუსეთის ქცევა ეს არის ქართული კანონმდებლობის ფარგლებში, რომ არაფერი საპანიკო არაა, რომ ნავთობსადენს სხვაგანაც გავიყვანთ და სხვა. ეს არ არის ღისეული პასუხები", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე აზრით, ვითარებაზე ადეკვატური პასუხი იქნება პარლამენტმა ის რეზოლუცია მიიღოს, რომელიც კოლეგებს "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზა.

"მთავრობა, რომელიც ასეთ რეაგირებას აკეთებს, არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ საგარეო და საშინაო კურსის განმახორციელებელ მთავრობად. შესაბამისად, ის არის შესაცვლელი, მაგრამ სანამ არჩევნების გზით ეს მოხდება და აუცილებლად მოხდება, უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც გაწერილია ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტში, პირველ რიგში კი აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაუქმდეს. ის ქმნის ილუზიას, თითქოს რაღაც სფეროში რუსეთთან ურთიერთობები ლაგდება, თითქოს მათთან საერთო ენა გაგვაჩნია და ეს ხელებს აბანინებს საერთაშორისო თანამეგობრობას", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.