დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ ოფიციალურად გაიხსნება, რომელშიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება.
სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისს“ საზეიმოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახნის. ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დაესწრებიან.
სტუმრებს "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი უმასპინძლებს.
„ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე, ასევე გაიხსნება ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება „ოლიმპიური ალი“, რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.