ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის შესახებ დაინტერესება გამოხატა სამმა კომპანიამ, ესენია: New Artway Ltd, Lohrmann International და OTC Consortium.
უწყების ინფორმაციით, განაცხადების განმხილველმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა წარმოდგენილი წინადადებები და დაადგინა, რომ კომპანიების მიერ სრულყოფილად არ იყო მოწოდებული ინტერესთა გამოხატვაში მითითებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევაში ასახული პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო სამივე კანდიდატი დისკვალიფიცირებული იქნა.
"ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომლის მიხედვით მოთხოვნილი იყო ინტერესის გამოხატვა ფოთში მინიმუმ ორი მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა-განვითარებაზე, რომელსაც არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატები, ასევე სხვა ნავთობპროდუქტები უნდა ეწარმოებინა. გამოცხადებული პირობები ასევე პროექტში დასაქმებულთა მინიმუმ 70%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებას ითვალისწინებდა", - ნათქვამია განცხადებაში.