სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსნა-დანიშვნის, მისი ანგარიშვალდებულების საკითხები რეგლამენტში აისახება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსნა-დანიშვნის, მისი ანგარიშვალდებულების საკითხები რეგლამენტში აისახება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გადაყენების, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და მისი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხები პარლამენტის რეგლამენტში აისახება.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილია რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს წარდგენილ კანდიდატურას და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 6-წლის ვადით ნიშნავს მას.

პროექტის მიხედვით, რეგლამენტს ემატება მუხლი, რომელიც ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვალდებულებას წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში. აღნიშნული მუხლით ასევე გათვალისწინებულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პარლამენტი უფლებამოსილია განიხილოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების, ან მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტლება.

პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.