საჯარო სამსახურის რეფორმა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ეს ხელისუფლება დარჩება ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიაში, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც საჯარო სამსახურის რეფორმის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, რეფორმა, რომელსაც მთავრობა გეგმავს, რევოლუციურია და მისი განხორციელება აქამდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა.
"საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს ქართული სახელმწიფო, ალბათ იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ეს ხელისუფლება დარჩება ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიაში. 22 წელია, საქართველოში საჯარო სამსახური ვერ შეიქმნა, ბიუროკრატია ვერ გაკეთდა. ყოველთვის ყველა ხელისუფლების ამოცანა იყო პოლიტიკური და არა ბიუროკრატიაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური. ცალ-ცალკე სამინისტროებში იყო მიღწევები, მაგრამ ამან ვერ მოიცვა მთელი ქვეყანა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი გარღვევა", - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი "აბსოლუტურ აუცილებლობად" მიიჩნევს საჯარო მოხელეთა გადამზადებასაც. ამ მიზნით ცენტრის შექმნის ინიციატივით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა.
"რა თქმა უნდა, სჭირდებათ საჯარო მოხელეებს გადამზადება, რადგან სისტემა იმდენად ახალია, სიახლე იმდენად დიდი დოზითაა წარმოდგენილი, რომ ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. ცვლილება არის ფუნდამენტური და პირდაპირი მნიშვნელობით რევოლუციური, რაც ვერ გაბედა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საქართველოში. დღეს ეს კეთდება. მე ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაგვაკრიტიკონ, აზრი გამოთქვან, გვქონდეს დებატები, მაგრამ დავინახოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქვეყანაში", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.