ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თავად პრეზიდენტმა პოროშენკომ შეუშალა ხელი.
როგორც სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, არ წყდებოდა მცდელობა, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ აღძრული საქმე ჩაეფარცხათ და საყვარელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაეწყოთ.
„ამ საზიზღარ კამპანიას წერტილი პრეზიდენტმა პოროშენკომ დაუსვა. ის პირადად ჩაერია საქმეში, გამოძიებას მხარი დაუჭირა და ბრძანა, რომ ვისაც არ უნდა ეხებოდეს, საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს არის პრეზიდენტის ბრწყინვალე რეაქცია. ამის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ის ხელმძღვანელი, ვისაც აშკარად უნდოდა საქმის დახურვა, საკუთარ ქმედებაზე პასუხს აგებს. გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურს ვთხოვე, რომ უკრაინის პროკურატურაში კორუფციის აღმოჩენის ფაქტებში დაგვეხმაროს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.