„ჩვენი მიზანია ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი“

„ჩვენი მიზანია ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი“

„ექსპო ჯორჯიაში“ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აქტიურად დავიწყეთ მეწარმეობის განვითარება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს მსოფლიო ორგანიზაციების ანგარიშებშიც არის ასახული, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სწორედ ამიტომ ჩვენ პირველ წელს დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის განვითარება. მინდა შეგახსენოთ, რომ 130-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული უკვე დღეის მდგომარეობით და 600-ზე მეტი საწარმოა გადაიარაღებული. ჯამში ჩვენ 900 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში. ამის გარდა ჩვენ ძალიან წარმატებულად დავიწყეთ თანამშრომლობა საბანკო სექტორთან და ზოგადად ბიზნესთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, რამდენადაც ხელისუფლებამ სამრეწველო დარგების და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო, გასულ წელს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელსაც ჰქვია - „აწარმოე საქართველოში“ და მისი იდეა იმ ინიციატივის გაგრძელებაა, რომელიც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და ახალმა მთავრობამ დაიწყო.

„ჩვენი მიზანია ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საუბრები მქონდა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და განვითარების პროგრამები. შედეგი აქვთ სახეზე. აქვთ ძლიერი წარმოება, სოფლის მეურნეობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ასეთი საწარმოების შექმნის დროს სამუშაო ადგილები იქმნება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში და დასაქმდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.