მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოდესაში აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოდესაში აქცია გაიმართა

 საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის გადადგომა მოითხოვეს ოდესის ქუჩებში გამართულ აქციაზე უკრაინელებმა.

როგორც უკრაინული სააგენტო "1News" იტყობინება, ადგილობრივი ორგანიზაცია „ანტიმაიდნის“ აქტივისტებმა ოდესაში ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერები წარწერით - „სააკაშვილი go home“ და „სააკაშვილი - სამხედრო დამნაშავე“, მიიტანეს.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ კოშელევმა აღნიშნა, რომ გუბერნატორის თანამდებობაზე იმ ადამიანის დანიშვნა, რომელიც საკუთარი ქვეყნის მიერ იძებნება, მიუღებელია.

„ჩვენ მარტივი მიზანი გვაქვს - ოდესას ნორმალური, ადგილობრივი გუბერნატორი უნდა ჰყავდეს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს და არა გადარეული სამხედრო დამნაშავე. ოდესას კარგად ესმის, რომ სააკაშვილს ხელები სისხლით აქვს დასვრილი. ზუსტად მან გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ სამხრეთ ოსეთში მშვიდობიან დასახლებაში, იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მან წამოიწყო  ოსეთში ომი და ახლა მოვიდა ოდესაში, რომ ბრძოლას გზა გაუხსნას დნესტრისპირეთში“, - განაცხადა კოშელევმა.

აქციის ორგანიზატორებმა აქციაზე თხაც მიიყვანეს, რომელსაც კისერზე წითელი ჰალსტუხი ჰქონდა დაკიდებული.

აქტივისტების თქმით, მათ მშვიდობიან აქციას თავს დაესხნენ შენიღბული დაუდგენელი პირები და პლაკატები ხელიდან გამოსტაცეს.

სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია ოდესაში 6 ივლისს გაიმართა.