გელათის მონასტრის საკონსერვაციო გეგმა UNEDCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე დადებითად არის შეფასებული, სწორედ ამიტომ, საკითხის ძირეული განხილვა 2016 წელს კომიტეტის მე-40 სესიაზე გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული მხარის მხრიდან საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მეთოდების დაცვა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განმსაზღვრელია, მთავარ მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფი გელათის მონასტრის არსებული სტატუსის რეაბილიტაციას და ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნებას.
სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აქტიური სარეაბილიტაციო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს დაიწყო. სახელმწიფოს დაკვეთით ქართველი, ესპანელი და გერმანელი სპეციალისტების მიერ, კომპანია "საქართველოს მემკვიდრეობამ" გელათის სრული რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის სრულად აღდგენილია - გელათის აკადემია, აღმოსავლეთისა და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე. გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს", - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, 2013-2015 წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიცირების დოკუმენტი და გელათის მონასტრის მართვის გეგმის პროექტი წარუდგინა.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.