საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
"ბიბისის" ცნობით, ლიდერებმა გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი ბერძნული მხარე იყო.
"ვლადიმერ პუტინმა გამოხატა მხარდაჭერა ბერძენი ხალხის მიმართ იმ სირთულეების გადალახვაში, რის წინაშეც ისინი დღეს დგანან", – წერია კრემლის განცხადებაში.
მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინსა და ციპრასს შორის არაერთხელ გაიმართა სატელეფონო საუბრები. ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთის შესაძლო ფინანსურ დახმარებაზეც. თუმცა, როგორც პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ათენს მოსკოვისთვის ფინანსური დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. საბერძნეთში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ვითარების განხილვას ევროზონის ფინანსთა მინისტრები ხვალ გეგმავენ.