მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სასამართლო სისტემაში მთელი რიგი ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად, პარლამენტს უკვე წარედგინა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა.
უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი.
ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ.
პროექტით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
კანონპროექტი მოსამართლეთა მივლინების საკითხებს აწესრიგებს. გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.
სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილბები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის გარდა, ცვლილებებს კიდევ სხვა ათ კანონში იწვევს.
"ეს არის რეფორმების მესამე ტალღა. ჩვენ ცვლილებები ორ ეტაპად განვახორციელეთ, რომელმაც სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ეს არის მესამე ეტაპის ცვლილებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაკეტი პარლამენტში შემოვიდა", – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.