საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს გეგმავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს გეგმავს

ევროჯგუფი საბერძნეთისგან ახალ წინადადებებს ელოდებიან. როგორც ევროპელი ლიდერები აცხადებენ, ევროპა ბერძენი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

საბერძნეთის რეფერენდუმის დასრულებიდან მეორე დღეს, ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. იმავე დღეს დაინიშნება ევროზონის ქვეყნების სამიტი.

ასევე გაიმართება ევროპარლამენტის ზაფხულის ბოლო სესია, სადაც მთავარი თემა საბერძნეთის მომავალი იქნება.

ევროპარლამეტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის განცხადებით, ბერძენი ხალხის არჩევანი პატივსაცემია, თუმცა ამასთანავე, ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საბერძნეთმა უნდა წარმოადგინოს თავისი წინადადებები სიტუაციის შემდეგი განვითარების შესახებ.

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ბერძენი ხალხის არჩევანს. მათ გააკეთეს დამოუკიდებელი არჩევანი და განუცხადეს მტკიცე "არა" წინადადებებს",- აცხადებს მარტინ შულცი.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, მიშელ საპენის განცხადებით კი მას შემდეგ რაც საბერძნეთმა უარყო კრედიტორების წინადადება, ათენი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი შემოთავაზება.

"არჩევნები თავის მხრივ ვერაფერს დაარეგულირებს. დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში, ეს მომავალ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული", - აცხადებს მიშელ საპენი.

ამის პარალელურად მედია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის კომუნიკაციაზეც აქტიურად წერს. "ბლუმბერგის" ინფორმაციით ალექსის ციპრასი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ტელეფონით, ევროჯგუფის შეხვედრის შუალედში, შესვენებისას დაელაპარაკებიან.