საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც ბერძენი მაღალჩინოსანი საკუთარ ბლოგზე წერს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.
გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.
როგორც საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რეფერენდუმამდე განაცხადეს, ისინი ევროჯგუფის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლებას სწორედ საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ აპირებდნენ. თუმცა, თავად ევროზონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერდა მათ შეთავაზებას. ამგვარად ჯერ უცნობია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებები.