საბერძნეთში ბანკების დროებითი დახურვა საქართველოში ფულად გზავნილებზე გავლენას ვერ მოახდენს

საბერძნეთში ბანკების დროებითი დახურვა საქართველოში ფულად გზავნილებზე გავლენას ვერ მოახდენს

საბერძნეთში ბანკების დროებითი დახურვა საქართველოში ფულად გზავნილებზე გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ვითარება საბერძნეთში ნორმალურად განვითარდება, ერთ კვირიანი შეფერხება საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე ნაკლებად აისახება.

"თავად ფულადი გზავნილების პრაქტიკა ისეთია, რომ თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ ხდება გადმორიცხვა, ამიტომ 5 დღით და ერთი კვირით ბანკების დახურვამ პრინციპში ზეგავლენა არ უნდა იქონიოს მნიშვნელოვანი, თუ რა თქმა უნდა შემდგომში მოვლენები ნორმალურად განვითარდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, სანერვიულოა ის საკითხიც, რომ საბერძნეთში დასაქმებულმა ქართველებმა სამუშაო ადგილები არ დაკარგონ. "სიტუაცია უფრო იმ კუთხით მაღელვებს, რაც სამუშაო ადგილებს შეეხება. ყველაზე მეტად სანერვიულო არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს. ფულის გამოგზავნის საშუალების მონახვა უფრო მარტივია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების საერთო სტატისტიკასა და ბოლო მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა დაახლოებით 18 %-ით დაიკლო.

"იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა დაახლოებით 18 %-ით დაიკლო. ჩვენ საბერძნეთიდან უკვე 5 თვის განმავლობაში დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში კი დანაკლისი დაახლოებით ორ-სამ მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გვაქვს. ეს პრინციპში მთლიან ბალანსში არ არის დიდი რიცხვი, რადგან საქართველოს მთავრობა ბევრ ზომას იღებს, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით", -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.