ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი

ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა - ,,მომავლის ბანაკი" ანაკლიაში, 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. ამ დღეს ანაკლიაში "მომავლის ბანაკს" მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი "მომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს.

"მომავლის ბანაკს" პირველ ნაკადზე - ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული "სპორტული ოლიმპიადის" 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრება. დანარჩენი 5 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ წარადგინა 1246 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.

2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, უნდა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის "მომავლის ბანაკში"

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის, 50 მოზარდის სია.

მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ასევე, "მომავლის ბანაკის" ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს" თანამშრომლები.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

"მომავლის ბანაკი" 1728 მოზარდს მიიღებს.