სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ

სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოს წევრები დღეს, საკრებულოს სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს განიხილავენ. მისი დამტკიცების შემდეგ ზარალის ანაზღაურება და კომპენსაციების გაცემა დაიწყება.

გუშინ საკრებულოს კომისიების სხდომაზე, დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი განიხილეს.

საკითხი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დაზარალებულები იყოფა ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისინი, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო მეორე კატეგორიას ექვემდებარება ის ოჯახები, რომელთა საცხოვრისებიც აღდგენას ექვემდებარება.

ლექვინაძის განცხადებით, წესი ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს, კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფას და ასევე საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ. დაზარალებულებს საშუალება ექნებათ აირჩიონ რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები. საუბრისას ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური კომპენსაცია თანხობრივად, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია. ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისათვის 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური კომპენსაცია, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის 110 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია.

ამასთან, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. კერძოდ, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი.

ოპოზიცია ლექვინაძის მიერ წარმოდგენილ ზარალის ანაზღაურების წესს ეთანხმება, თუმცა აქვს შენიშვნები და კითხვები.