საბერძნეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება

საბერძნეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება

საბერძნეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება. 5 ივლისს ბერძენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.

ევროზონის ლიდერები ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ჭირს. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი.