თბილისში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართა

თბილისში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართა

რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, თბილისში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა აბაშიძე-კარასინის პრაღაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ერთობლივ რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც საბოლოო სახით ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება და მოლაპარაკებების მხარეებს გადაეგზავნება. როგორც ექსპერტებმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საუბარი ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების შესაძლებლობას შეეხო.

"ჩვენ შევეცადეთ შეგვემუშავებინა რჩევები ორი მაღალი რანგის დიპლომატისთვის. გვესმის ის ზღვარი, რომელიც არის ამ მოლაპარაკებებში და არ იძლევა საშუალებას ყველაზე მტკივნეულ საკითხზე საუბრის, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებზე საუბრის საშუალება. ერთ-ერთი ასეთი არის რთული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, ახლა რეჟიმის გამარტივების პირველ ნაბიჯად განიხილება სავიზო რეჟიმის შემსუბუქება გარკვეული ჯგუფისთვის, კერძოდ, ჟურნალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, სტუდენტებისთვის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ ჰუმანიტარული და ახალგაზრდებს შორის კონტაქტების გაღრმავებაზე. ეს შეიძლება იყოს გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტებს შორის, ქართველი სტუდენტების მიღება რუსეთის უნივერსიტეტებში, საქართველოში რუსული ენის სწავლების უკეთესი სისტემა", - განაცხადა გაზეთ "კომერსანტის" წარმომადგენელმა ვიქტორ ლოშაკმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კლიმატი ბოლო წლებში უკეთესობისკენ იცვლება.

"მე, როგორც ჟურნალისტი, ვგრძნობ რუსეთში კლიმატის უკეთესობისკენ ცვლილებებს საქართველოსა და ქართველების მიმართ. ადამიანები "ბორჯომს" ყიდულობენ ან ქართულ ღვინოს უკვეთავენ არა იმიტომ, რომ იქვე არ არის იგივე ფასად ფრანგული ან იტალიური ღვინო, არამედ იმიტომ, რომ არის რაღაც მახსოვრობა, მოგონებები, მეგობრები. ვიმედოვნებ, რომ ეს ადამიანური სითბო გადაეცემა ხელისუფლებას და ჩვენს შორის პრობლემები მოგვარდება ეტაპობრივად", - განაცხადა ლოშაკმა.