ე.წ. დამპალოს სასაფლაოსთან დამშრალი ჭიდან მგლის ორი ლეკვი ამოიყვანეს

ე.წ. დამპალოს სასაფლაოსთან დამშრალი ჭიდან მგლის ორი ლეკვი ამოიყვანეს

ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამშრალი ჭიდან მგლის ორი ლეკვი ამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ განაცხადა, დამშრალ ჭაში მგლის ორი ლეკვი მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ამის გამო 112-ში დარეკა. ადგილზე სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი გავიდა და მგლის ლეკვები ჭიდან უსაფრთხოდ ამოიყვანა.

მისივე თქმით, მგლის ლეკვები დაახლოებით ერთი თვის არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ჭაში დიდი ხნის ჩავარდნილები არ უნდა იყვნენ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ პატარა ცხოველებს ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ. სააგენტოში ვოლიერში არიან ცალკე განთავსებული და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

მათივე თქმით, მგლის ლეკვების პოვნის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებული არიან. უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სად გადაიყვანენ მგლის ლეკვებს.