ლევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი და ემზარ კვიციანი საზოგადოებრივ მოძრაობას -

ლევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი და ემზარ კვიციანი საზოგადოებრივ მოძრაობას - "სახალხო სამართალს" ქმნიან

ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საზოგადოებრივ მოძრაობას - "სახალხო სამართალს" ქმნიან.

ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ლექსო კობაიძემ წაიკითხა. დღეს გამართულ პრესკონფერენციას ემზარ კვიციანი ესწრებოდა, "სკაიპის" საშუალებით კი ლევან მამალაძე და სულხან მოლაშვილი ჩაერთნენ.

"ფართო საზოგადოების სურვილის საფუძველზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით მოძრაობას "სახალხო სამართალს". ყველას, ვისაც ღირსება შეგილახეს, ყველას, ვისაც კუთვნილი წაგართვეს, ყველას, ვისაც წლობით გაწამებდნენ და უსამართლოდ გკეტავდნენ საპყრობილეში, მოღალატედ გაცხადებდნენ და გდევნიდნენ, ვის თავზეც წისქვილის ქვები დატრიალდა, მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ და ერთად აღვადგინოთ რეალური, სახალხო სამართალი. ერთად ვამხილოთ სისხლიანი ზონდერები. ერთად ვამხილოთ ჯალათი პროკურორები და მოსყიდული მოსამართლეები. მივმართავთ სააკაშვილის რეჟიმით რეპრესირებულ მოქალაქეებს და დაღუპულთა ახლობლებს, რომ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად მივაღწიოთ სამართლიანობის ჭეშმარიტ აღსრულებას. სწორედ ერთად, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით შევძლებთ უპრეცედენტო სახალხო სასამართლოს გამართვას და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას. პასუხს ვაგებინებთ ყველა დამნაშავეს და მოღალატე ჩინოვნიკს, რათა გაიწმინდოს სახელმწიფო სტრუქტურები და ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს. ერთობლივი ძალებით დავიბრუნებთ წართმეულ ღირსებას და რეალურად შევძლებთ საქართველოში სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ - ხალხმა უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა და სამართლიანობა", - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

თავის მხრივ, ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში საბოტაჟია თუ შეგნებულად სამართლიანობის აღდგენა შეჩერებულია. მისი თქმით, 7 თვის წინ კოდორის მოსახლოებამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოყალიბების პროცესშია და სამოქმედო გეგმა მოგვიანებით დაანონსდება. მან აქციებიც არ გამორიცხა იმ საელჩოების წინ, "რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაში ხელს უშლიან".

როგორც ქვემო ქართლის ყოფილმა რწმუნებულმა "სკაიპით" ჩართვისას აღნიშნა, ხელისუფლება ვერ ახერხებს, ან არ ახერხებს სამართლიანობის აღდგენას. მისივე თქმით, გამოდის, რომ სააკაშვილი ოდესიდან მართავს პროცესებს.

ლევან მამალაძის თქმით, ეს არ არის არანაირი პოლიტიკური მოძრაობა, არამედ ეს არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებმაც სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწიეს და ასეთი ბევრია.