ვახტანგ ხმალაძე:   პარლამენტმაც და მთავრობამაც დღე-ღამეში 25 საათი უნდა იმუშაოს

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტმაც და მთავრობამაც დღე-ღამეში 25 საათი უნდა იმუშაოს

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ პარლამენტმაც და მთავრობამაც დღე-ღამეში 25 საათი უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

ვახტანგ ხმალაძის თავმჯდომარეობითა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინიციატივით, დღეს საქართველოს პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის, მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხმალაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანია გაეგოთ რა მდგომარეობაა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გასაკეთებელ საქმეებზე, ასევე რა არის გაკეთებული და როგორია პერსპექტივა.

"შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირობებისა, რომელთა შესრულების შემთხვევაში უკვე დღის წესრიგში დადგება რეალურად უვიზო მიმოსვლის საკითხი, არის შესრულებული და შეფასებული ასეთად. არის კიდევ რამდენიმე თემა, რისი გაკეთებაც კიდევ გვჭირდება. საჭიროა კანონპროექტების მიღება, აღსრულების უზრუნველყოფა და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს დაახლოებით 15 დეკემბრამდე. წარდგენილი იქნეს ანგარიში და შემდეგ მიღებულ იქნას შეფასება. ამ მიმართულებით უშუალოდ ამ დღეებშიც პარლამენტში მიმდინარეობდა კანონპროექტების განხილვა, მათ შორის შრომის ინსპექტირების შესახებ. ასევე შემოსული ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და კიდევ არაერთი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, ან მალე იქნება ინიცირებული", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება წლის ბოლომდე მოესწრება, შემდეგ უკვე გადაწყვეტილება ევროკომისიაზე იქნება დამოკიდებული.