ფრაქცია

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ. როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ამერიკელ კოლეგებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაციას.

"ჩვენ კოლეგებთან საუბარი გვქონდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც არ წყდება და ჭიანურდება უმრავლესობის პირობებში, მათ შორის უმთავრესია ის პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლადაა გასატარებელი - ეს არის საარჩევნო და სამართალდამცავ სისტემაში მიმდინარე რეფორმები. ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდებოდა თავის დროზე ჩვენს ოპოზიციაში გადასვლას და ხელისუფლების დატოვებას. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არსებობს არაფორმალური ურთიერთობების სერიოზული პრობლემა. ასევე განვუმარტეთ, რომ დღესდღეობით ხელისუფლება ცდილობს ფასადურად შენიღბოს მთელი რიგი არსებითი რეფორმები, რომლებმაც შინაარსობრივი ასახვა უნდა ჰპოვოს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით იმასაც, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, გარკვეული შედეგები იქნა მიღწეული და არის რაღაც საკითხები, რომლებზეც ვთანხმდებით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.  

ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ირაკლი ჩიქოვანის გარდა ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.