საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად ვადა ამოეწურათ

საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად ვადა ამოეწურათ

საქართველოსა და რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ზომებზე შესათანხმებლად მიცემული ერთწლიანი ვადა ამოეწურათ. 

2014 წლის 3 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა ვერდიქტი სახელმწიფოთაშორის დავაზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები. შესაბამისად, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. 

კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, დასრულდა თუ არა და რა შედეგით შესაბამისი მოლაპარაკებები და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სამინისტრო განცხადებას თავად გაავრცელებს. თუ საქართველო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ზომებზე 1 წლის განმავლობაში ვერ შეთანხმდენენ, სტრასბურგის სასამართლო იტოვებს შესაძლებლობას, ეს თვითონ გააკეთოს. 

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას. რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს იმ პალატამ, რომელიც საქმეს იხილავდა, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. 2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე გაიმართა მოწმეთა დაკითხვა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში დაიკითხა მხარეთა მიერ წარდგენილი 10-10 მოწმე. 2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. ბოლო სხდომის შემდეგ გამართულ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ 2014 წლის 3 ივლისს გამოცხადდა.