სახალხო დამცველის შეფასებით, "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებული კომპანიებისთვის ზიანის სრული ანაზღაურება შერჩევითი სამართლის გამოვლინება იყო. "შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი შეიძლება იყოს ის, რაც საკუთრების უფლების დარღვევის საქმეებზე მოხდა, როდესაც ასეთი საქმეების უმეტესობაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მოქალაქეებს არ დაბრუნებიათ ქონება, თუმცა "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებულ კომპანიებს უკლებლივ ყველა ზიანი აუნაზღაურდათ. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც შერჩევითი სამართლის გამოვლინება. ყველა სხვა საქმე, რომელიც ქონებრივ საკითხებს ეხება, გაჩერებულია და ერთეული შემთხვევების გარდა, საქმეთა უმრავლესობა არ არის ბოლომდე მისული", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მან აქვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი თვალს მიადევნებს პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის მუშაობას.
უჩა ნანუაშვილი პარლამენტს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის აცნობს.