დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით დაგეგმილი საგადასახადო შეღავათები მხოლოდ კარტოფილის დათესვასა და მრავალწლიანი ნარგავების დარგვაზე გავრცელდება.
პარლამენტში "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტის განხილვისას ქუცნაშვილმა სამეწარმეო საქმიანობის ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
"თუკი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ვახალისებთ მხოლოდ კარტოფილის დათესვასა და მრავალწლიანი ნარგავების დარგვას. ფიქრობთ თუ არა იმას, რომ ქართული მთა ყველაზე საინტერესოა ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებისთვის. მიგვაჩნია თუ არა საქართველოს მთებში მოპოვებული მცენარეები შეიძლება გახდეს ყველაზე საინტერესო წყარო ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენ პირდაპირ გვიწერია, რომ ფარმაცევტული საქმიანობა ნებართვას ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ფარმაცევტული საწარმო ააშენოს არა დიდუბეში, არამედ თიანეთში, ის ვეღარანაირი საგადასახდო შეღავათით ვერ ისარგებლებს. ასევე არის სტაციონარული დაწესებულების ნებართვა. უამრავი კურორტია საქართველოში, სადაც მარტო ჰაერიც კი სამკურნალო დანიშნულებისაა. ვინმემ თიანეთში სტაციონარული დაწესებულების გახსნა რომ მოინდომოს, ის ნებართვას ექვემდებარება და როგორც კი ნაბართვას აიღებს, 10-წლიანი შეღავათების უფლებას კარგავს. ასევეა სააღმზრდელო საქმიანობის ლიზენცია - ვიღაცამ ბაღის გახსნა რომ მოინდომოს, კარგავს ამ კანონით სარგებლობის უფლებას. ასევე სასტუმრო რომ ააშენოს და სასტუმროის გარეთ გარე რეკლამა განათავსოს, გარე რეკლამის განთავსება უკვე სანებართვო საქმიანობის ნუსხაში შედის და კარგავს შეღავათებით სარგებლობის უფლებას", - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე და მთავრობას ამ მიმართულებით წარდგენილი პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდა.
პარლამენტი პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტს იხილავს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მაღალმთიანი რეგიონებისათვის სოციალური და საგადასახადო შეთავათების დაწესებასა და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.